,, შენი წიგნი დაიბეჭდა, ანა!.. უშენოდ და ამიტომ ცარიელი ფურცლებით…  ” – ინტერვიუ თამუნა გელოვანთან

Posted on Posted in ინტერვიუ

 

,, დღეს შენი ორმოცია, ანა!

შეგპირდი და წიგნი დაგიბეჭდე. გარეკანი, შენ რომ გიყვარდა, იმ გვირილებით აქვს მოჩითული, სათაურიც უცვლელია – ,,მე დავამარცხე კიბო!“, ავტორიც შენ ხარ – ანა ლაშხელი ონიანი, შიგ შენი ერთი ფოტოც არის, მაგრამ დანარჩენი ფურცლები ცარიელია, 72 გვერდიანი, ცარიელი წიგნი დაგიბეჭდე , ანა!

სიმართლეს გეტყვი, წიგნი უფრო შენი შვილებისთვის მინდოდა, ვიფიქრე, გადაშლიან ამ ცარიელ წიგნს ბიჭები და როცა მოენატრები, როცა შენთვის რამის თქმა მოუნდებათ, როცა ეტკინებათ, როცა ეწყინებათ, როცა გაუხარდებათ, როცა შეუყვარდებათ – ყველაფერს, ყველაფერს მოგწერენ. ისე დაგელაპარაკებიან, როგორც ადრე საუბრობდით, ისე გაგიმხელენ საიდუმლოს, როგორც სინამდვილეში გეტყოდნენ, ისე მოგიყვებიან სკოლის ამბებს, როგორც ძილის წინ გიყვებოდნენ, ამით გააგრძელებენ შენთან სიახლოვეს, ასე ნელ-ნელა შეივსება ცარიელი ფურცლები თქვენი ურთიერთობით და აღარ დაიყოფა მათი ცხოვრება დედამდე და დედის შემდეგ. წლების მერე კი, უკვე კაცობაში, საკუთარი ავტორობით სათითაო ხელნაწერი წიგნი ექნებათ – უჩვეულო, ბავშვური, გულწრფელი და რა თქმა უნდა, ტკივილებით სავსე წიგნი.

შენი წიგნი დაიბეჭდა, ანა!.. უშენოდ და ამიტომ ცარიელი ფურცლებით…  “

თამუნა გელოვანი

ანა ლაშხელი ონიანი 3 წიგნის ავტორია, მისი აკვანი კი განსაკუთრებულად შეიყვარა საზოგადოებამ, რომელსაც ჩვენი ახალი თაობა დედაენის საშუალებით გაეცნობა.
ანა, ქველმოქმედებითაც იყო დაკავებული. მისი საქველმოქმედო ორგანიზაცია „თბილი სახლი“, ეხმარებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსა და ღარიბ ოჯახებს.

1. გამარჯობა, თამუნა, თქვენი სტატუსი წავიკითხე, სადაც წიგნზე საუბრობთ. თუ შეიძლება რომ მოგვიყვეთ ამის შესახებ

– მოსაყოლი წიგნზე არაფერია, ცარიელი ფურცლებითაა, მაგრამ რამდენი გადაშლი, იმდენი ახალი ანაა წიგნში, ცარიელი გვერდის მიღმა ჩნდება ხან მოღიმარი, ხან სევდიანი, ხან დაფიქრებული, ხან გალაღებული, მაგრამ არასდროს მოჩხუბარი და შურიანი. საოცარი გოგო იყო, კიდევ უფრო საოცარი სულით. მის ლექსებს და ჩანახატებს თუ გაეცნობით, მიხვდებით, რა სამყაროში ცხოვრობდა. სამწუხაროდ, ადრე, ძალიან ადრე წავიდა ჩვენგან, ორი პატარა ბიჭი, თვალი და გული დარჩა აქეთ, კიდევ დედ-მამა და უამრავი დაუწერელი ლექსი, რომელსაც აწი ცხოვრება თვითონ ჩაწერს იმ ცარიელ ფურცლებზე, წიგნად რომ ავუკინძე.

2. წიგნის გარეკანი გვირილებით არის გაფორმებული, რატომ გვირილები?

– გვირილა ანას საყვარელი ყვავილი იყო. ვიცით ხოლმე ჩვენ, ქალებმა რომელიმეს ამოჩემება და საყვარელ ყვავილად ქცევა. ძირითადად, ვარდებს ვწყალობთ, იასამას ან იას. გვირილის მოყვარული იშვიათად შემხვედრია. ამ სისადავეშიც ჩანს ანას უბრალოება.

 

 

3. რა იყო ის თვისება რაც ანის გამოარჩევდა ყველასაგან?

– მშვენიერი იყო ანა, მართლაც მშვენიერი! გარეგნულად ლამაზი კი არა (თუმცა, არც ეგ აკლდა), სულიერად მშვენიერი. სულ პატარა კენჭშიც შეეძლო დაენახა მშვენიერება და ისე აღექვა, როგორც უძვირფასესი ნივთი. გასაოცარი სამყარო ჰქონდა, დიდი და ლამაზი, იმდენად დიდი, ვერ დატია ამქვეყნად და იმსოფლად გადასახლდა თავის ოცნებებიანად.

4.როგორ მოხდა თქვენი გაცნობა?

– როგორც ვიცი თავად ანასაც სურდა, ზუსტად ამ სათაურით წიგნის გამოცემა.
ჩვენი გაცნობა მისი ლექსებით მოხდა. გამომცემლობაში წიგნი მოიტანა დასაბეჭდად. წავიკითხე ლექსები, გავესაუბრე მას და მივხვდი, რომ იმ კრილა თვალის მიღმა, ასეთივე კრიალა სულის და ოცნებების გოგო იდგა. ჩვენს მეგობრობას არც ასაკი და არ განსხვავებული შეხედულებები არ უშლიდა ხელს. ბევრი რამ ვიცოდი მასზე, მაგრამ არაფერი მისი ავადმყოფობის შესახებ. სამწუხაროდ, ეს თავადაც გამოეოპარა და საბოლოოდ, სტამბულის ერთ-ერთ კლინიკაში შეელია თავის დიდებულ სულს. გამგზავრებამდე ფეისბუქზე სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც გაგვიმხილა მისი ავადმყოფობა და დაგვპირდა, რომ დაწერდა წიგნს ,, მე დავამარცხე კიბო“. იქვე ვუპასუხე ,,მე ვიქნები ამ წიგნის რედაქტორი და ჩვენ ერთად გავაკეთებს პრეზენტაციას“.
იმედიანად იყო, პირველი ქიმიის მერე მომწერა, გუშინ ფეხზე ვერ ვდგებოდი, დღეს იმდენად უკეთ ვარ, მთელი მოლი ფეხით შემოვიარეო. მეორე დღეს შეწყდა ქიმიაც და ანას გულისცემაც. მეუღლე ახლდა თან, მას მოუწია ამ საშინელებასთნ მარტო გამკლავება.
სამწუხაროდ, მე ამერიკიდან ვერ შევძელი გასვენებაზე ჩამოსვლა, მაგრამ შევპირდი და დანაპირები ავუსრულე. ასე გაჩნდა წიგნი ,, მე დავამარცხე კიბო“, ალბათ ერთად-ერთი წიგნი ცარიელი ფურცლებით და ამ ცარიელ ფირცლებზე სავსე მოგონებებით.

5. ანა ასევე აქტიურად იყო ჩართული საქველმოქმედო პროექტებში, მას საკუთარი ორგანიზაციაც კი ჰქონდა, თქვენ ერთობლივ პროექტსაც გეგმავდით.

– მისი ორგანიზაცია და ჩვენი გამომცემლობა ერტობლივად ვაკეთებდით ლიტერატურულ კონკურსს ,,უეტლოდ“
რაშიც შეზღუდული შესაძლებლობების პირები იღებდნენ მონაწილეობას
კონკურსი პირობითად ერქვა, გამარჯვებული არ ეყოლებოდა, ყველა გამარჯვებული იქნებოდა და გამომცემლობას სურდა წიგნად გამოეცა მათი შემოქმედება და საზეიმოდ გადაეცათ საჩუქრად თითოეული მათგანისთვის.

6.მოხერხდა თუ არა პროექტის განხორციელება?

– პროექტი არ შედგა. სამწუხაროდ იმ დროისთვოის ვერ ვიშოვეთ დარბაზი, სადაც პანდუსები იქნებოდა.
ამჟამად ანა იქითაა, მე კიდევ ამერიკაში. 😞
ანას გარეშე არც მოხდება და ვერც!
ის იყო მათი პატრონი, არაერთის დამხმნარე და დამკვალიანებელი. მუდამ ზრუნავდა მათზე. ის გამუდმებით ზრუნავდა შეზღუდული შესაძლებლობების პირთა დასახმარებლად. იძიებდა სპონსორებს მათი მკურნალობის თუ ოპერაციების დასაფინანსებლად. რამდენადაც ვიცი, ,,ფრესკომ“ არაერთხელ გაუწია დახმარება.

7.თამუნა, თქვენ ერთ-ერთი პირველი იყავით, ვინც ქართველ ავტორებს ეხმარებოდით, მათი შემოქმედება, საზღვრებს გარეთაც კი გაქქონდათ. თქვენს შესახაც მსურს რომ ვისაუბროთ.

– მყავს ორი შვილი, უფროსი ბერია,, მღვდელ- მონაზონი ლეონია, უმცროსი ნიკალა წელს მოეწყო სრული დაფინანსებით.
ნინი, ქართველ ავტორების გატანას ვცდილობდი ქვეყნის გარეთ. ხან გამომდიოდა, ხან არა, ზოგი დაიბეჭდა კიდეც. მოგვიანებით დავაარსე ლიტერატურული სააგენტოც. უცხოეთში ქართველი პოეტებისა და მწერლების თარგმანებს ვაგზავნიდით კონკურსებისათვის, არერთმა გაიმარჯვა და დაიბეჭდა სხვადასხვა უცხოენოვან ჟურნალებსა და ალმანახებში.მოკლედ , გამოვცემ წიგნებს როგორც ჩვეულებრივს, ასევე ცარიელი ფურცლებით, სადაც ყველაზე მეტი რამ წერია

8.თუ აპირებთ თამუნა საქართველოში დაბრუნებას?

– მე დროებით ვარ აქ, რა თქმა უნდა, დავბრუნდები საქართველოში და ისევ გავაგრძელებ ჩემს საგამომცემლო საქმიანობას, სხვანაირად ღმერთმა ნუ ქნას!
მადლობა, თამუნა!
მადლობა, რომ ანა ისევ გაგახსენდა. წარმატებებს გისურვებ!
ქ-ნმა თამუნამ ანას მოწერილი ერთ-ერთი მესიჯიც, გამოგვიგზავნა სადაც ანა მას უმხელდა თუ რა იყო მისი მთავარი ოცნება.

 

 

ინტერვიუ კი მინდა დავასრულო ქ-ნი თამუნას სიტყვებით: ”ამ ყველაფერში მთავარი მაინც ისაა, რომ ანა კი წავიდა,მაგრამ დედაენაში დარჩა მისი ,,აკვანი” და კიდევ უამრავი ანასი და მისიი შემოქმედების მოყვარული ადამიანი, დავრჩით სოფლის აქეთა ნაპირზე რომლებიც სიკვდილს არ ვანებებთ და სულ ვიხსენიებთ მას!”

 

ინტერვიუ მოამზადა – ნინი ბარბაქაძემ

Please follow and like us:
0

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *