,,ოთხი თათი და მე ” – ინტერვიუ დამფუძნებელთან ხათუნა გორდაშვილთან

Posted on Posted in ინტერვიუ, რჩევები, საზოგადოება, სოციალური ქსელი

ხათუნა გორდაშვილი “ოთხი თათი და მე”-ს დამფუძნებელია, მას არაერთი ცხოველი ყავს გადარჩენილი. ჩვენ ვესაუბრეთ მის საქმიანობის შესახებ

1.გამარჯობა, ხათუნა , თქვენ ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი ხართ, რომელიც ცდილობს დაიცვას ჩვენი ოთხფეხა მეგობრები, გაქვთ თქვენი საიტი და ჯგუფი, რომლითაც ცდილობთ ამ საქმეში ჩართოთ სხვდასხვა ადამიანები. როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?

– ცხოველებზე ბავშვობიდანვე ვზრუნავდი, არა მხოლოდ საქართველოში. წლების განმავლობაში დამოუკიდებლად და შეძლებისდაგვარად ვცდილობდი დავხმარებოდი მათ, მაგრამ ბოლოს მივხვდი, ერთიანი ძალით მეტს გავაკეთებდით და ასე შეიქმნა ჩემი ჯგუფიც და შემდგომ სამოყვარულო-სახალხო ფონდიც. ერთი ჩვევა მქონდა, თითოეულ ცუგას ქუჩაში რომ ვხვდებოდი, პირველივე ქმედება თათის გამოწოდების თხოვნა იყო, ჯერ ერთის, შემდეგ მეორე, და ერთ საღამოსაც, მარტის თვეში გავხსენი ჯგუფი სახელწოდებით “ოთხი თათი და მე”- სიმბოლურად სახელში ჩანს, ჩვენ, ორივე მხარე საზოგადოების, ჩვენი ქვეყნის სრულუფლებიანი ნაწილი ვართ. მინდა ეს გავითავისოთ ყველამ. ნათქვამია სიკეთე გადამდებიაო, ამიტომ ამ პრინციპით ვცდილობთ გავაღვივოთ თუ დავბადოთ იგივე მზრუნველობითი გრძნობები მიუსაფარ ცხოველებისადმი რაც შეიძლება მეტი ადამიანის ცნობიერებაში. ვეხმარებით ტრავმირებულებს, დაავადებულებს, გაჭირვებაში ჩავარდნილ ცხოველებს, ვჩუქნით და ვუხანგრძლივებთ სიცოცხლეს მათ ჩვენი ხელებით, მაშინ როცა ამ რეაგირების გარეშე უთუოდ განწირულნი იქნებიან.

 

 

2. თქვენს ჯგუფში ამ წუთასაც მიმდინარეობს , საკვების საქველმოქმედო აქცია, რომლითაც ცდილობთ, მოაგროვოთ საკვები. წარმოუდგენელია ვინმემ წაიკითხოს თქვენი პოსტი და ცოტათი მაინც არ გაუჩნდეს სურვილი საკუთარი წვლილი შეიტანოს. როგორ შეიძლება ჩავერთოთ თქვენს აქციაში?

– აქციაში ჩართვა შესაძლებელია მითითებულ ლოკაციაზე ნებისმიერი ოდენობის საკვები კორმის მოტანით და დატოვებით, ან ოთხი თათის სამოყვარულო ფონდის ანგარიშებზე ნებისმიერი თანხის შემოწირულობის შემოტანით, შემდეგ ჩვენ ვიძენთ საკვებს და კონკრეტული აქციის ფარგლებში ვანაწილებთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონალურ მხარეებში, ადგილობრივი ცხოველთმოყვარული ადამიანები კი აპურებენ ფერდებჩაცვენილ დამშეულ ცხოველებს.
მისამართი: ვარკეთილის მეტრო, ხომლელის ქუჩა, 7ა მოპირდაპირე მხარეს

3. სოციალუირ მედიის საშუალებით, არაერთხელ გავრცელდა ფოტოები, დაშავებული ან სასტიკად მოკლული ძაღლებისა. რას ფიქრობთ ხათუნა, როგორ შეიძლება მოხდეს მსგავსი ქმდებების აღკვეთა?

– ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა დაუსრულებელია. უამრავი პუნქტია, რომელზეც საუბარი შორს წაგვიყვანს, ზოგადი მონაცემებით, მიუხედავად იმისა რომ არსებობს 259-ე მუხლით გათვალისწინებული სადამსჯელო კანონი ცხოველისადმი სისასტიკით მოპყრობის, არსებული პრობლემა მაინც ამ კანონის არასათანადო აღსრულებაა. პრაქტიკულად არ მოქმედებს კანონი, რომელიც ცხოველის უფლებებს იცავს, ან თუ მოქმედებს, ფორმალურად. არ ხორციელდება ცხოველების არასათანადო საცხოვრებელი პირობების კონტროლიც და ა.შ. ვფიქრობ მეტად უნდა გამკაცრდეს კანონი, მხოლოდ ფულადი ჯარიმა საკმარისი არაა. პასუხისგებაში ყოველგვარი შერჩევითობის გარეშე უნდა მიეცეს ის ინდივიდი, რომელიც მოკლავს ცხოველს. თუ გაუმჯობესდება ამ მხრივ საკანონმდებლო, აღმასრულებელი და მაკონტროლებელი სისტემა, დადგინდება უზუსტესი კრიტერიუმები დასჯის, თანდათანობით ცხოველთმოძულე თუ უნებლიედ გამოწვეული მკვლელობების ჩამდენი საზოგადოება გააცნობიერებს მოსალოდნელ სასჯელს და ისწავლის მათ თავიდან არიდებას. ასევე მნიშვნელოვანია ცხოველთა დამცველი არასამთავრობო სექტორის აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა, მათი ობიექტური/კომპეტენტური მოთხოვნები ცხოველთა დაცვის სფეროში არ უნდა დარჩეს ყურადღების მიღმა. და კიდევ ჩემი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე ვისურვებდი სკოლაში საგაკვეთილო საათად, ცალკე საგნად შევიდეს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ”ცხოველი და საზოგადოება”, ბავშვებმა კოგნიტიური ასაკიდანვე შეიმეცნონ, რომ მიუსაფარი ცხოველი არ წარმოადგენს საფრთხეს საზოგადოებისთვის, პირიქით, ისინი ჩვენ იმედად არიან და ჩვენი ვალია მათზე ზრუნვა, საპასუხოდ კი მათგან ერთგულ, უანგარო სიყვარულს და მადლიერებას მივიღებთ.

 

 

4. ახლოვდება ახალი წელი, ხშირად საჩუქრის სახით ირჩევენ ხოლმე ლეკვებს. რამდენად ეთანხმებით ასეთ მიდგომას, რა უნდა გაითვალისწინოს ზოგადად ადამიანმა როდესაც იგი თავისთვის ან სხვისთვის გადაწყვეტს მსგავსი საჩუქრის გაკეთებას?

– აუცილებელია დარწმუნებულნი იყვნენ, მზად არის თუ არა ესა თუ ის ადამიანი ამ პასუხისმგებლობისთვის, რომ ეს ”საჩუქარი” სათამაშო კი არ არის, არამედ ცოცხალი არსება, რომლის წინაშეც საშუალოდ მომდევნო 15-16 წელი დაეკისრებათ პასუხისმგებლობა. ასევე ყურადსაღებია, ჩამოყალიბებული იყოს მჩუქებელი, რა ფსიქიკის მქონე ძაღლი შეეფერება მისი ცხოვრების პირობებს, ფინანსურად თუ ფიზიკურად რომელი ტიპის ძაღლს მოუვლის. თითოეული დეტალია გასათვალისწინებელი წინასწარ, რათა შემდგომი გართულებები თავიდან აიცილონ და საბოლოოდ ქუჩაში არ აღმოჩნდნენ ძაღლები. ისიც უნდა ესმოდეთ, ძაღლი რომელიც წლები ოჯახში იზრდება და შემდეგ გარეთ უშვებენ, მას უჭირს გარე სამყაროსთან ადაპტაცია, განიცდის, მუდმივად დაეძებს, ელის პატრონს ქუჩებში და ხშირად ეს მათთვის საზიანოდ მთავრდება. ამიტომ გათვალონ თავიანთი ცხოვრებისეული რუტინა, გრაფიკი, ფინანსური შესაძლებლობა, ფიზიკური ენერგია, დროის ფაქტორი. ცხოველი სახლში კიდევ ერთი დამატებითი ‘შვილია’, ჭირდებათ მოვლა, პასპორტის აღება-რეგისტრირება, კომპლექსური ვაქცინები, პერიოდული დამუშავება პარაზიტებზე, დაბანა-გასუფთავება, სწორად შერჩეული კვება, მედიკამენტები და ექიმი ავადმყოფობის დროს, ვეტერინარულ კლინიკაში სიარული პერიოდულად და ა.შ… ჩემი უპირობო რჩევაა, მხოლოდ სურვილის და გართობის გამო ცოცხალ არსებას ხელი არ მოკიდონ.

5.რას ისურვებდით ახალი 2019 წლისათვის?

– მსურს კიდევ უფრო ამაღლდეს საზოგადოების ცნობიერება, ჰუმანიზმი და ლოიალური დამოკიდებულება ცხოველებისადმი. და აუცილებლად ვისურვებდი თითოეულ მიუსაფარ ცხოველს 2019 წელს თბილი სახლი და მზრუნველი პატრონი ერგოს, ყოველმა მეორე ადამიანმა სახლში რომ შეიყვანოს თითო ოთხთათოსანი, ჩვენს ქვეყანას ”უსახლკარო” ცხოველი აღარ ეყოლება.

მადლობა, ხათუნა, საინტერესო ინტერვიუსთვის! ბედნიერ დამდეგ შობა-ახალ სელს გისურვებ!!

მადლობა თქვენ ყურადღებისთვის და მოწონებისთვის, ბედნიერი დამდეგი შობა-ახალი წელი.

 

ინტერვიუ მოამზადა – ნინი ბარბაქაძემ

Please follow and like us:
1

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *